ილია ჭავჭავაძე
- ჩვენი გუნდი
- ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაიბადა გაღარიბებული თავადის ოჯახში. 1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან - თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; "ქართვლის დედა" (1860 წ.), "კაკო ყაჩაღი", "მუშა", "ელეგია" და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში.